სოლომონ აფროდიტუსი ნამუშევარში "ანარქისტი, არტისტი" თანამედროვე წამებულს ასახავს. საქართველოში ქვიარ ადამიანთა დისკრიმინაციის მიზეზი ხშირად ცრუ რელიგიური ინტერპრეტაციებია, ამიტომაც ჯვარცმულის მხატვრული სახე-ხატი საგანგებოდ შერჩეული ქრისტიანული იკონოგრაფიითაა შექმნილი. აგრესიული გარემოს, კოლექტიური ბოროტების პირობებში განსხვავებული თვითგამოხატვისა და გენდერული იდენტობის ადამიანებისთვის - არსებობა, ფაქტიურად, ჯვარცმის ტოლფასი ხდება.
სოლომონ აფროდიტუსი მულტიდისციპლინული არტისტია. მისი შემოქმედება თვითრეფლექსიასა და ხელოვნების თეორიის ცოდნის საფუძვლებზე დაყრდნობით კვლევას ეფუძნება. საკუთარი ავატარის ციფრული ფორმის სხვადასხვა მედიუმებთან სინთეზით, სოლომონი ქმნის მოძრავ გამოსახულებებს, პერფორმატიულ და აუდიო-ვიზუალურ გამოცდილებებს.
ანდროგინული არქეტიპის ციფრული რეინკარნაციით, არტისტი ცდილობს შექმნას აუგმენტირებული ქმნილების უნივერსალური იდენტობა. სოლომონ აფროდიტუსი ტრანსჰუმანული მითია. არტისტის ციფრული, მითიური სხეული კი, არაბინარული ცნობიერებისადმი სწრაფვის გამომხატველი ცოცხალი არტეფაქტი.
_____________________________________________
ნამუშევარი განთავსების მეორე დღესვე ნახევრად ჩამოხიეს, რაც კარგად ასახავს იმ რეალობას, რომელშიც გამოხატვის თავისუფლება, ქვიარ ადამიანთა ხელოვნება თუ იდენტობაა დრევანდელ საქართველოსა და მსოფლიოში, სადაც ერთადერთი დასაშვები სიმართლე, ფართო მასის მიერ აღიარებული სიმართლეა..