3-30 აგვისტო
პატარა გალერეა წარმოგიდგენთ ვატო ბაქრაძის პერსონალურ გამოფენას, „ბუნების კარი“.
გამოფენის სათაური ნასესხებია იაკობ გოგებაშვილი 1868 წელს გამოცემული წიგნიდან „ბუნების კარი“, რადგან იგი მხატვრულად აერთიანებს და გადმოსცემს გამოფენის ორ მთავარ თემატიკას: ბუნებას, რომელიც მუდმივი თანმყოლი თემაა ბაქრაძის შემოქმედებისა და კარს, რომელიც ამ შემთხვევაში ინტერპრეტირებულია, როგორც საფეხბურთო კარი. ამ ორი რადიკალურად განსხვავებული ელემენტის, ერთი მხრივ, ადამიანის მოგონილ თამაშსა და, მეორე მხრივ, ცხოველებისა და მცენარეების, დაკავშირების ვიზუალური მცდელობა არის გამოფენის მთავარი საყრდენი წერტილი.
ექსპოზიციის დომინანტური ნაწილი უკავია მონუმენტურ სტრუქტურას, რომელსაც ფეხბურთის კარის ფორმა აქვს და მუყაოს ნაჭრებითაა შეფუთული. სტრუქტურის მთავარი გადახრილი ზედაპირი გალერეის უნიკალურ არქიტექტურულ მახასიათებლებს, დახრილ კედლებსა და ჭერს ეხმიანება, ხოლო დაქანებულ სიბრტყეზე გამოფენილი ნამუშევრები სტადიონებზე მაყურებლების დამრეცად გაშლილ დიდ საგულშემატკივრო ბანერებთან ავლებს პარალელებს. მთლიანი კონსტრუქციის უხეში, ტექსტურიანი ზედაპირი ურბანული ასამბლიაჟის ასოციაციას იწვევს და დამთვალიერებლის თვალს ბაქრაძის კოლაჟების გავლით ზედაპირზე ამოგზაურებს.
გამოფენის ცენტრალური ნაწილი კოლაჟებს უკავიათ. ამ ინტუიციურად შექმნილ კომპოზიციებში სხვადასხვა გამოსახულება ერთმანეთთან დაკავშირებულია წებოვანი ლენტით, რომელიც ნამუშევრების ხილული და განუყოფელი ნაწილია. წებოვანი ლენტის გამოყენება ხელოვანს ასევე შესაძლებლობას აძლევს შექმნას მრავალშრიანი და პრიალა ზედაპირი, რომელიც ტრადიციული კოლაჟებისაგან განსხვავებით, მას უფრო ფერწერულ ხასიათს სძენს. ლენტის ამრეკლავი თვისება პარალელს ავლებს კლასიკური ფერწერის დამცავ ლაქთან, რომელიც ნამუშევართა აღქმას, ერთი შეხედვით, ართულებს.
ვატო ბაქრაძემ (დ. 1998) დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის (VA[A]DS) ვიზუალური ხელოვნების მიმართულება (2022). ასევე სწავლობდა მილანში Nuova Accademia di Belle Arti-ში (NABA) (2018-19) და ლონდონის Chelsea Collage of Arts-ში (2022) . ეს უნივერსიტეტის გარეთ ბაქრაძის პირველი სოლო გამოფენაა.
კურატორი გვანცა ჯიშკარიანი
ფოტოები ნატა ყიფიანის
გამოფენის მხარდამჭერია თბილისის მერია.