ორი უტოპია სამი სკულპტურით ანგელოზების შესახებ

ჟენევიევ გოფმანისა და გიორგი თარგამაძის გამოფენა

კურატორები: გვანცა ჯიშკარიანი და დავით აფაქიძე

გიორგი თარგამაძისა და ჟენევიენ გოფმანის ნამუშევრები ერთი შეხედვით, ცოტა რამით თუ უკავშირდება ერთმანეთს: სხვადასხვა მედია, სხვადასხვა მასალები, სხვადასხვა მხატვრული ხერხები. ჟენევიევის ნამუშევრები დეფორმირებული, კომპიუტერულ პროგრამაში მოდელირებული, 3D პრინტერის მეშვეობით შექმნილი ობიექტებია; გიორგის ფერწერა კი მეტალის ფურცლებსა და მუყაოზე შესრულებული; მაგრამ ორივეს შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ ხაზად შეიძლება ის სინთეზი ჩავთვალოთ, რომელშიც ორივე მხატვარი საწყის წერტილად ადამიანის ხელით შექმნილ ხელოვნურ მასალებსა თუ სიმბოლოებს იყენებს, რომლებიც კაცობრიობის მიერ აშენებული კულტურისა და კლასიკური პროგრესის ნაწილია, ადამიანის მიერაა შექმნილი და დროსთან ერთად დაიშლება, გადაგვარდება, ან გაქრება საერთოდ: იქნება ეს საწოლი, სასახლე, საფრენი ობიექტი თუ დანადგარებზე წარმოებული მეტალის ფურცლები. მათ ამ მასალებზე მარადიული გამოსახულებები დააქვთ : გიორგი მეტალის ფირფიტებზე რომლებიც ქარხნული ქმნილებაა, სტილიზებულ მცენარეებს გვიხატავს რომლებიც თითქოს იჭრებიან იმ მანქანურ, სტერილურ სივრცეში რომლებშიც შექმნილია ეს ფირფიტები. ჟენევიენთან ეს შეჭრა უფრო მკვეთრად ჩანს. მის ერთ-ერთ ნამუშევარში შუა საუკუნეების კლასიკური ციხესიმაგრის მოდელს კატა ხლეჩს, ეპატრონება მის ნანგრევებს. ის თითქოს აცამტვერებს დასავლური არქიტექტურის კლასიკური ძალაუფლებისა და სტაბილურობის სიმბოლოს და ამით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგადად კულტურული ფასეულობების ვალიდურობასა და ვარგისობას ჩვენს ეპოქაში.
ორივე მხატვრის ნამუშევრები, კულტურების დროებითობას, ბუნებრივი პროცესების ციკლურობასა და მარადიულობას უსვამენ ხაზზს.
›››››››››››››››››››››››
ჟენევიევ გოფმანი არის ინტერდისციპლინური არტისტი ვაშინგტონიდან. მისი ნამუშევრები ფოკუსირებულია უტოპიურ აზროვნებაზე, მეხსიერებასა და კომუნიზმის პოტენციურ მომავალზე; ტექნოლოგიის, კლასის, ფუფუნების გზაგასაყარზე, ბირთვული ფიზიკისა და რადიაციის ისტორიაზე.
გოფმანმა სკულპტურის მაგისტრის წოდება მოიპოვა იელის უნივერსიტეტში 2020წელს.
გიორგი თარგამაძე ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. ძირითადად, ფერწერისა და ინსტალაციის მიმართულებით. ასევე, ქმნის ობიექტებს. მისი შემოქმედებითი პროცესი სპონტანურ და ინტუიციურ ქმედებებს ეფუძნება, რაც აზროვნების მისტერიულობის და ცნობიერების, როგორც მდგომარეობის, ვიზუალურ ენად თარგმნის მცდელობაა მაშინ, როცა ვიზუალური ენა თავისთავად კვლევის საგანს წარმოადგენს.
2017 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი. ამავე წელს გაიარა არაფორმალური სამაგისტრო კურსი ‘შემოქმედებითი მედიაცია’ თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA – Tbilisi).