ათასობით საიდუმლო

რუსკა ბადრიაშვილი 

კურატორი გვანცა ჯიშკარიანი

სწავლულებმა დიდი ხანია იციან რომ „სიზმრების ინკუბაცია“, ხალხურად: „სიზმრების გამოცხობა“ პატარა ტექნიკების ცოდნის საშუალებით, ‒ მარტივადაა შესაძლებელი; მათი შინაარსის, მოქმედი პირებისა თუ საგნების ვინაობა ბევრმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს: იქნება ეს ჩამოსქროლილი ინსტაგრამი, მძიმე დღე სამუშაოზე, თუ ბავშვობაში ნანახი ილუსტრაცია საბავშვო წიგნიდან, რომელიც ჩაძინებამდე ბოლო წამებში ამოგიტივტივდება გონებაში. მაგრამ რაც ძილში ხდება ეს აბსურდულ შემთხვევათა სრულიად ფანტასტიური კომბინაციებია, რომელთა მღვიძარე, ფიზიკურ ცხოვრებაში მოფიქრება, პრაქტიკულად შეუძლებელია.

არსებობს „მღვიძარე სიზმრებიც“, რომელიც ფიზიკურ და სიზმრის რეალობებს შორისაა, ესაა ცნობიერების ნაკადი, რომელიც ყოველდღიურობიდან გვწვეტს და ჩვენს ყურადღებას პერსონალური, ზოგჯერ არაცნობიერი და შინაგანი სამყაროებისკენ მიმართავს...

ეს ყველაფერი რუსკა ბადრიაშვილმა მშვენივრად იცის, ის სოციალური ფსიქიატრიის მაგისტრია, რომლის პირველ სოლო გამოფენას „პატარა გალერეა“ წარმოგიდგენთ. მისი ტუშით ფურცელზე შექმნილი, შემდეგ კი ციფრულ კოლაჟებად აწყობილი ნამუშევრები, სიზმრის და „მღვიძარე სიზმრის“ შედეგებია, ესაა ერთი ზღაპრული ისტორია, რომელიც მოგზაურზე მოგვითხრობს ენით და სიმბოლოებით, რომელიც ერთი შეხედვით, სადღაც გვინახავს, მოგვისმენია; ისტორიით, რომელიც გვგონია, სადღაც წაგვიკითხავს, ესთეტიკით, რომელიც აღმოსავლურ ზღაპრებს გვაგონებს და შეიძლება ჩვენს საკუთარ სიზმრებთანაც კი გვაბრუნებს.

რუსკა ამბობს: „ფსიქიკის შესწავლა ჩემი საქმეც არის და ჰობიც. ნახატების სერიაში თითოეული ჩემი სათქმელია, ხშირად საკუთარი თავისკენ ან სხვა მოხეტიალისკენ მიმართული. რუტინულად არ ვმუშაობ, უეცრად ვიღვიძებ, ან პირიქით ‒ არ ვიძინებ და ფურცელზე, ტუშით გადმომაქვს ის ემოცია რომლითაც მოცული ვარ. იშვითად ვიყენებ რაიმე აწ უკვე არსებულ პატერნს. ვცდილობ თითოეული დეტალი ჩემი ხელით იყოს მოხაზული...

ეს არის ჯერ კიდევ დაუსრულებელი სერია, რომელიც ბოლო ორ წელიწად ნახევარია გრძელდება. ალბათ ჩანს რომ ეს ნამუშევრები ჩემი ძიებაა და იმეორებს ყველა მაძიებელი ადამიანის შეკითხვებს, გზის მონაკვეთებს, განცდებს, გადაწყვეტილებებს, აღმოჩენებს. ზოგი ფიგურა მოდის სიზმრიდან, ზოგი ფიგურა არქეტიპულია, საერთო.

ამ ნამუშევრებით ვცდილობ გავაერთიანო ცნობიერი, ქვეცნობიერი და ზეცნობიერი. მცდელობაა, ავირეკლო სამყარო და მისი ილუზიები/ჩვენებები. გავიგო ვინ ვარ, სად ვდგავარ და რა ურთიერთობაში ვარ შიდა და გარე რეალობებთან.

ხშირად ჩემი ნახატები ის კოდია, რითაც საკუთარ პრობლემას და არჩევანს ვხსნი. ისევე როგორც სიზმრის ანალიზი და ინტერპრეტაცია ჩემი ნახატებიც მაძლევს გასაღებს ჩემივე თავისთვის. ამიტომ ეს ძალიან პირადული, ინტიმური პროცესია.

სარკე და შუშა ამრეკლავი მასალაა. ჩემთვის ორივე გამაერთიანებელია. ერთი მრავალში და მრავალში ერთის კონცეფციის ილუსტრაციაა“.

„ათასობით საიდუმლო“ ესაა რუსკას თვითანალიზი, საკუთარი თავის შეცნობის პროცესი. ჩვენ კი ამ პროცესის თვალიერებით, რუსკას სიზმრებში ვიქექებით.